ნიუ-იორკში ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმაა. როგორც ქარიშხლების პროგნოზირების ეროვნული ცენტრის (US National Hurricane Center) სპეციალისტიები აცხადებენ, უახლოეს საათებში, შესაძლოა, წყლის დონემ 2.5 მეტრი მოიმატოს და მანჰეტენის წყალდიდობისგან დამცავი ნაგებობა გაარღვიოს.
როგორც „ბი-ბი-სის კორესპონდენტი ნიუ-იორკიდან იტყობინება, ქარიშხალი „აირინის" გამო, მეგაპოლისის ქუჩები უჩვეულოდ დაცარიელებულია.
სრულად არის შეწყვეტილი ტრანსპორტის მოძრაობა. ძლიერი ქარის გამო რიგ რაიონებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ქალაქის მერის მაიკლ ბლუმბერგის განცხადებით ახლა საშიში რაიონებიდან ევაკუაცია უკვე დაგვიანებულია.
ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიას შტატებში დანგრეულია შენობები, დატბორილია მრავალი რაიონი. ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ვრცლდება ინფორმაცია ათი ადამიანის დაღუპვის შესახებ. თუმცა სი-ენ-ენის ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტია.