აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდან ქარიშხალ "აირინის" მიახლოების გამო 2,3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია ხდება.
ბრძანება საკუთარი სახლების დატოვების შესახებ ნიუ ჯერსის შტატში 1 მილიონმა, მერილინდის შტატში 315 ათასმა, ვირჯინიაში 200 ათასმა, დელავერეში 100 ათასმა ადამიანმა მიიღო. ჩრდილოეთ კაროლინიდან, რომელსაც ქარიშხალი პირველად დაატყდება თავს, 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ნიუ იორკში, სადაც ქარიშხალს კვირას ელოდებიან, ევაკუაციას 260 ათასი ადამიანი დაექვემდებარა. ქალაქი სტიქიის წინა პერიოდში, ფაქტობრივად, დაცლილია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ასეთი რამ მათ კარგა ხანია არ ახსოვთ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად ჩაქრება ბროდვეის თეატრების რეკლამები, შაბათ-კვირას არ იგეგმება არც ერთი გასართობი პროგრამის ჩატარება. ჩვეულებრისამებრ ხალხით სავსე პარკები და სხვა დასასვენებელი ადგილები ცარიელია, სამაგიეროდ, რიგები დგას მაღაზიებთან. მოსახლეობა ჩქარობს შეიძინოს სასმელი წყალი და სხვადასხვა სახის კონსერვები.
ნიუ იორკში და სხვა ქალაქებში არ ტარდება არც ერთი სპორტული ღონისძიება. მეგაპოლისის 5-მა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. ქარიშხლის მოახლოებასთან ერთად შეწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.
უნდა აღინიშნოს, რომ ნიუ იორკის აეროპორტებიდან დღეში 3 ათასი რეისი სრულდება. ქალაქის მერმა მაიკლ ბლუმბერმა ქალაქის დაბლობში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა.
წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, სტიქია აშშ-ს მილიარდობით ზარალს მიაყენებს. წინასწარი მონაცემებით, ვაშინგტონშ, ბალტიმორში, ფილადელფიაში, ნიუ-იორკში , ბოსტონში და აშშ-ს სხვა ქალაქებში ქარიშხლის ზონაში 65 მლნ. ადამიანი მოყვება", - იტყობინება „ბი-ბი-სი".
პრეზიდენტ ობამას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით „აირინი" შესაძლოა ისტორიულ ქარიშხლადაც იქცეს. მოსალოდნელი ქარიშხლის გამო მან დროზე ადრე შეწყვიტა თავისი შვებულება.
ნასას მიერ კოსმოსიდან გადაღებული ვიდეო