ლიბიის ლიდერს, მუამარ კადაფის, ქვეყანა არ დაუტოვებია და ისევ ტრიპოლიში იმყოფება. ამის შესახებ ფრანგული ჟურნალი "Paris Match"-ი იუწყება.
გამომცემლობის ინფორმაციით, 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, ამბოხებულების უშიშროების ძალებმა საიმედო წყაროსგან მიიღეს ინფორმაცია, თუ სად იმალებოდა პლოკოვნიკი კადაფი.
სპეცოპერაციის ობიექტი გახდა პატარა სახლი, რომელიც ტრიპოლის ცენტრში მდებარეობდა. "კომანდოსის" შესვლის შემდეგ, კადაფი იქ უკვე არ იმყოფებოდა, თუმცა ამბოხებულებმა აღმოჩინეს დამამტკიცებელი საბუთები, რომ პოლკოვნიკი იქ ნამდვილად იყო.
შეგახსენებთ, რომ ამბოხებულებმა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი უკვე დაიკავეს და კადაფის რეზიდენციის თავზე ახალი დროშა აღმართეს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ლიდერი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და პირობას დებს, რომ ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლას სიკვდილამდე გააგრძელებს. კადაფის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მის მპოვნელს მეამბოხეები 2 მილიონი ლიბიური დინარით დასაჩუქრებას ჰპირდებიან.