მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღეს ლიბილიის საკითხს განიხილავენ. ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში აფრიკის კავშირი სხდომას გამართავს. შეხვედრის მთავარი თემა ლიბიაში მიმდინარე მოვლენებია.
როგორც BBC იუწყება, აფრიკის კავშირი დილემის წინაშეა კადაფისთან მიმართებაში, რადგან კადაფი მისი ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი და ფინანსური მხარდამჭერია. კავშირის რამდენიმე ქვეყანა გმობს კიდეც ლიბიაში ნატოს მოქმედებებს, არაბთა ლიგამ კი დღეს ლიბიის გარდამავალი საბჭო ქვეყნის რეალურ მმართველად დაასახელა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთში, ქალაქ სტამბულში, 30 ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატი იკრიბება ლიბიის საკითხის განსახილველად. გარდამავალი საბჭოს ლიდერი მაჰმუდ ჯიბრილი აღნიშნულ შეხვედრას დაესწრება, თუმცა ვრცელდება მეორე ინფორმაცია, რომ ჯიბრილი მილანში იტალიის პრემიერ სილვიო ბერლუსკონის შეხვდება.