ბრიტანეთის სპეცრაზმი ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის აყვანის სპეცოპერაციაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "The Daily Telegraph" თავდაცვის სამინისტროდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა პირველად აღიარეს, რომ ინგლისელი სამხედროები უკვე რამდენიმე კვირაა ლიბიაში იმყოფებიან და ტრიპოლის აღებაში გადამწყვეტი როლი სწორედ მათ შეასრულეს, რომლებიც აჯანყებულებს კოორდინირებას უწევდნენ.
შეგახსენებთ, რომ ამბოხებულებმა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი უკვე დაიკავეს და მისი ლიდერის მუამარ კადაფის რეზიდენციის თავზე ახალი დროშა აღმართეს.
მიუხედავად ამისა, ქვეყნის ლიდერი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და პირობას დებს, რომ ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლას სიკვდილამდე გააგრძელებს.
ამასთან, მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია და მის მპოვნელს მეამბოხეები 2 მილიონი ლიბიური დინარით დასაჩუქრებას პირდებიან.