რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფსა და მასთან დაპირისპირებულ მეამბოხეებს ომის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
"ჩვენ გვინდა, რომ ლიბიელები რაიმე შეთანხმებამდე თვითონვე მივიდნენ. მოხარული ვიქნებით, თუ ომი შეწყდება და დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის მომავალზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. მიუხედავად მეამბოხეების წარმატებისა, კადაფი და მისი სამხედრო ძალები კვლავ ინარჩუნებენ პოზიციებს და გავლენას", - განაცხადა მედვედევმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ იონგ მეორესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, რუსეთი ადევნებს თვალყურს ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს და რუსეთი ლიბიელ მეამბოხეებთან მას შემდეგ დაამყარებს ოფიციალურ ურთიერთობებს, როდესაც ისინი საზოგადოების სრულ მხარდაჭერას მოიპოვებენ.
"თუ მეამბოხეები შეძლებენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დაწყებას, მაშინ ბუნებრივია ჩვენ მათთან ურთიერთობას დავამყარებთ", - განაცხადა მედვედევმა.
ამ დროისთვის, ლიბიის გარდამავალი საბჭო ქვეყნის რეალურ მმართველად 30-მა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ.