ლიბიელმა ამბოხებულებმა ქვეყნის დედაქალაქში, მუამარ კადაფის ბაბ ალ აზიზიას რეზიდენციაზე, დროშა აღმართეს. ამბოხებულები გამარჯვებას ზეიმობენ. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია პოლკოვნიკ კადაფის ადგილსამყოფელი.
BBC-ის ინფორმაციით, რომელიც სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელზე დაყრდნობით ვრცელდება, "იმ შემთხვევაშიც კი, თუ კადაფი რეზიდენციაში იმყოფებოდა, მისი დაკავება არცთუ ისე ადვილი იქნება".
"ეს შეიძლება "კატათაგვობანის" თამაშს დაემსგავსოს. ქალაქის ქვეშ გვირაბების ქსელია მოწყობილი", _ წერს twiter-ის მომხმარებელი ენდი ქარვინი.
ტელეკომპანია PNС გადმოსცემს სიმღერას - "ტრიპოლი, მე შენ მიყვარხარ. ტრიპოლი ნუ გეშინია. გამარჯვება ახლოსაა".
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი და მისი ვაჟი მუჰამედი ტელეფონით რუს ბიზნესმენს, ფიდეს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვს ესაუბრნენ. როგორც ილუმჟინოვმა განაცხადა, კადაფი და მისი ვაჟი მუჰამედი ტრიპოლიში არიან.
"მე ტრიპოლიში ვარ და ბოლომდე ვიბრძოლებ. მინდა გამოვთქვა მადლიერება მსოფლიოს იმ ხალხების მიმართ, რომლებიც თანაუგრძნობენ ლიბიელ ხალხს", - განაცხადა კადაფიმ ილუმჟინოვთან საუბრისას.
კადაფი აცხადებს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ამ დროისთვის ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ბრძოლები ისევ მიმდინარეობს. როგორც მეამბოხეები აცხადებენ, მათ მოახერხეს შესვლა კადაფის ბაბ ალ აზიზიას რეზიდენციაში და ტრიპოლის 90 % მათ დაქვემდებარებაშია.