ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებები გრძელდება. როგორც "ალ-ჯაზირა" იუწყება, ძლიერი ბრძოლები მიმდინარეობს ალ მანსურას რაიონში და კადაფის ბაბ ალ აზიზიას რეზიდენციასთან. არსებული ინფორმაციით, მუამარ კადაფის ძალები, მეამბოხეების წინააღმდეგ მძიმე ტექნიკას, მათ შორის ნაღმმტყორცნებს იყენებენ.
როგორც ტრიპოლიდან "ალ-ჯაზირას" კორესპონდენტინ იუწყება, მეამბოხეები კონტროლს ქალაქის უმეტეს ნაწილზე ამყარებენ. სასტუმრო "რიქსოსი" კადაფის ძალების დაქვემდებარებაში რჩება. უცხოელი კორესპონდენტები მთელი კონფლიქტის პერიოდში ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ.
როგორც მთავრობის პრესსპიკერმა მუსა იბრაჰიმმა განაცხადა, მთავრობა ქალაქი 75 პროცენტს აკონტროლებს. თუმცა მეამბოხეები ამტკიცებენ, რომ კადაფის კონტროლქვეშ მხოლოდ ქალაქის 20 პროცენტია.
შეგახსენებთ, რომ ტრიპოლიში შეტაკებები 22 აგვისტოს დილიდან მიმდინარეობს.