ლიბიელი ამბოხებულები ქვეყნის დედაქალაქში მუამარ კადაფის ერთგული შეიარაღებული შენაერთებისგან მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წააწყდნენ.
ლიბიის ლიდერის შვილი სეიფ-ალ-ისლამი, რომლის დაკავების შესახებაც ინფორმაცია ამბოხებულებმა გაავრცელეს, თავისუფალი აღმოჩნდა. ის სასტუმრო "რიკოსში" იმყოფება, რომელსაც სამთავრობო ნაწილები იცავენ.
სეიფ-ალ-ისლამმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამბოხებულები ხაფანგში მოხვდნენ და სამთავრობო ძალები მათ ხერხემალში გადაამტვრევენ.
"ჩვენ აქ ვართ, ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი ხალხია და ჩვენ ვცხოვრობთ აქ. ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენს უკან ხალხი დგას", - განაცხადა სეიფ-ალ-ისლამმა.
მისივე თქმით, მუამარ კადაფი ტრიპოლში იმყოფება და ის უსაფრთხოდ არის.
ამბოხებულები ჯერაც ვერ ამყარებენ სრულ კონტროლს ქვეყნის დედაქალაქზე და ტრიპოლის რიგ რაიონებში გამძაფრებული ბრძოლები მიმდინარეობს.
ამბოხებულების შეიარაღებული ფორმირებების ერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობდა ქალაქში დასავლეთიდან შესულიყო, იძულებული გახდა უკან დაეხია.
კადაფის რეზიდენციას ამ დრომდე მისი ერთგული ჯარის ნაწილები იცავენ.