ლიბიელი ამბოხებულების მიერ ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის აღებისას დაღუპულია 1 300 ადამიანი, 5 000-მა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
შესაბამისი ინფორმაცია კადაფის მთავრობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს კადაფის სამი შვილი - საიფ ალ ისლამი, მუჰამედი და საადი.
თავად კადაფი კი, გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა სხვადასხვა წყაროს მიხედვით, პოლკოვნიკი დანებებას არ აპირებს და ის ბრძოლის გასაგრძელებლად მხარდამჭერების მობილიზებას აპირებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კადაფმა სამჯერ მიმართა მოსახლეობას, რათა "ერთად დამდგარიყვნენ ლიბიის გადასარჩენად".
ამბოხებულები აცხადებენ, რომ ისინი ტრიპოლის დამცველებისგან უფრო სერიოზულ წინააღმდეგობას ელოდნენ და "გაკვირვებულნი დარჩნენ ქალაქის ასე დათმობით".
შგახსენებთ, რომ ლიბიელმა ამბოხებულებმა ტრიპოლი დაიკავეს.
ამბოხებულების განცხადებით, "რევოლუციას შეუერთდა" და მათ მხარეზე გადავიდა ტრიპოლის დამცველი ჯარისა და პირადად პოლკოვნიკ მუამარ კადაფის დაცვის შემადგენლობის უმეტესი ნაწილი.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, "ქალაქში მეფობს ეიფორია, მოოსახლეობა ქუჩებში გამოდის შეძახილებით - "ჩვენ თავისუფლები ვართ!".
მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ კადაფის რეჟიმი დაეცა.
ლიბიის დედაქალაქის მთავარ მოედანზე ზეიმია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ქალქის სხვადასხვა რაიონებში ჯერ კიდევ არიან კადაფის მომხრე შეიარაღებული ფორმირებები.