სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საპატრიარქოში ცნობილი ქართველ მევიოლინე, ლიანა ისაკაძე მიიღო. როგორც შეხვედრაზე უწმინდესმა და უნიტარესმა ბრძანა, მალე დადგება ის დრო, როდესაც ცნობილ ქართველი მუსიკოსს ლიანა ისაკაძეს აფხაზეთშიც მოუსმენენ.
"ძალიან მოხარულები ვართ, რომ ტრადიცია გრძელდება და ფესტივალი "ღამის სერენადები" შედგება. ალბათ მალე დადგება დრო, როდესაც აფხაზეთშიც შესრულდება და აფხაზეთიდან ბევრი ადამიანი დაესწრება და მოისმენს თქვენს ბრწყინვალე მუსიკას", - ბრძანა პატრიარქმა.
ლიანა ისაკაძემ მადლობა გადაუხადა პატრიარქს ფესტივალის "ღამის სერენადები" პატრონაჟისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქის ღევანდელი დალოცვის შემდეგ ფესტივალი წელსაც წარმატებული იქნება.
"ღამის სერენადები" ბათუმის საოპერო თეატრში 25 აგვისტოს გაიხსნება. როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაკაძემ განაცხადა, ფესტივალი ქართველ და აფხაზ ხალხს შორის მეგობრობას ეძღვნება. ფესტივალზე დებიუტი ექნება ლიანა ისაკაძის მიერ "ფეისბუკის" საშუალებით შეკრებილ ვირტუოზების ანსამბლ-ორკესტრს "ფეისბუკის მეგობრებს".