დღეს, 20 აგვისტოს, გაერო სირიაში ჰუმანიტარულ მისიას გზავნის. მისია სირიაში ჩავა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეაფასებს.
როგორც ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს მთავარმა მენეჯერმა ვალერი ამოსმა აღნიშნა, სირიის ხელისუფლებისგან დაპირება მიიღეს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ითანამშრომლებენ.
"გარანტია მოგვცეს, რომ გვექნება ყველგან სრული დაშვება", - აღნიშნა ამოსმა და დასძინა, რომ მისიის წარმომადგენლები მომზადებულები არიან ისეთ ადგილებში, სადაც დაპირისპირება ხშირია.
როგორც ცნობილია, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადსა და გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სირიის ლიდერმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებს განახორცილებს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში არეულობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გამართულ დემონსტრაციებზე აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომას და რეფორმების გატარებას ითხოვენ.
სირიის ლიდერმა მომიტინგეების წინააღმდეგ სამხედრო ძალები და ტექნიკა გამოიყენა, შედეგად კი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 2000-მდე ადამიანია დაღუპული, რამდენიმე ათეული ათასი დაჭრილი, 10 ათასამდე მომიტინგე კი პატიმრობაში იმყოფება.