ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს რეგიონებში 12 ახალი სკოლა გაიხსნება, აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინა განაცხადა, რომელმაც დღეს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის მომზადებული სიახლეები გააცნო.
მინისტრის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით 350 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო რეგიონებში 12 ახალი სკოლა ექსპლუატაციაში შევა.
გარდა ამისა, ფოთსა და ქობულეთში ახალი სტანდარტების ორი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება; ხოლო თბილისში მასწავლებლის სახლი ამოქმედდება.
"საქართველოში პირველად ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი სახელმწიფოსგან საჩუქრად 60 000 ნეტ-ბუკს მიიღებს, ხოლო სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმწიფოსგან საჩუქრად სახელმძღვანელოები გადაეცემა", - აღნიშნა შაშკინმა და აქვე დასძინა, რომ 1 000 წარჩინებულ ათოსან მოსწავლეს სამინისტრო პორტატულ კომპიუტერს აჩუქებს.
ამასთან, მინისტრის თქმით, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლებს ელექტრონული ჟურნალები და გაკვეთილების ცხრილი ექნებათ, შეიქმნება მოსწავლეების ელექტრონული ბაზები, თანამედროვე სისტემის საშუალებით ადმინისტირების პროცესი მთლიანად ელექტრონულად წარიმართება და მშობლებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღონ.
"პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლებში ახლად გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელთა ფასი ათ ლარს არ აღემატება. ასევე,
ინგლისურის ენის შესწავლა პირველი კლასიდან მაკმილანის ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყება", - განაცხადა განათლების მინისტრმა.