თვითმფრინავი, რომელშიც თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მისი ოჯახი იმყოფებოდა, სომალის დედაქალაქ მოგადიშოს საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომის დროს ფრთით აეროპორტის ჩასხდომის ტერმინალს შეეჯახა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს, რომლის ცნობითაც, თვითმფრინავში პრემიერ-მინისტრთან ერთად თურქი პარლამენტარები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები და მსახიობები იმყოფებოდნენ, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ავაიკომპანია"Turkish Airlines" -ს თვითმფრინავი სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს, თურქული დელეგაციის წევრებს კი სამშობლოში დაბრუნება სხვა თვითმფრინავით მოუწევს.
ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია, რა გახდა თვითმფრინავის ტერმინალთან შეჯახების მიზეზი.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანი სომალიში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად ჩავიდა, ასევე ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ნახევარმთვარის საერთაშორისო ბანკის და საველე ჰოსპიტალის გახსნა იგეგმება.