დღეს, 19 აგვისტოს, სახალხო დამცველის ოფისთან ჩატარდება აქცია - "გადავარჩინოთ იოსებ წიკლაურის სიცოცხლე!" როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორი "საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობიდან" აცნობეს, აქციას უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ სახალხო დამცველთან შეხვედრას და მისი პოზიციის მოსმენას, თუ რა ქმედით ზომებს გაატარებს 23 წლის მსჯავრდებულ იოსებ წიკლაურის პრობლემებთან დაკავშირებით.
მათი ცნობით, წიკლაური არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო მიზანმიმართულად აჭიანურებს სამედიცინო საექსპერტო დასკვნის გაცემას. მათი განცხადებით, დასკვნის გაცემის შემდეგ შესაძლებელია სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრის დარჩენილი სასჯელის გადავადების შესახებ და ოჯახს მიეცეს საშუალება, სრულფასოვანი და კვალიფიცირებული მკურნალობით გადაარჩინოს საკუთარი შვილის სიცოცხლე.