რეფერენდუმის გზით გადასახადების გაზრდის პრინციპი ქონების გადასახადს შეეხება, აქციზს კი არა.
აღნიშნული ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე იქნა გაჟღერებული.
შეგახსენებთ, რომ კომისია პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც, გადასახადების გაზრდის საკითხი მხოლოდ რეფერენდუმის გზით შეიძლება გადაწყდეს. როგორც კომისიის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ვახტანგ ლეჟავამ განაცხადა, მოქმედი რედაქციით ეს ცვლილება საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებს, კერძოდ აქციზს და არა ქონების გადასახადს უნდა შეხებოდა, მაგრამ "მთავრობამ მსჯელობის შედეგად პირიქით გადაწყვიტა".
"მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს უნდა შეეხოს სწორედ ქონების გადასახადს და არა აქციზს, ვინაიდან აქციზით იბეგრება ძირითადად ფუფუნების ან ისეთი საგნები, რომლებიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას ან გარემოს. შესაბამისად საკონსტიტუციო ცვლილებაში აისახება, რომ აქციზის განაკვეთების გაზრდაზე გადაწყვეტილებას რეფერენდუმი არ დასჭირდება და ამ საკითხს პირდაპირ მთავრობა გადაწყვეტს", - განაცხადა ლეჟავამ.