კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციას მსახიობებთან ერთად პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა განაცხადა, რობერტ სტურუას მხარდამჭერები ბოლომდე გააგრძელებენ ბრძოლას.
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ სტურუას მთავრობამ ბოდიში მოუხადოს, იმ უნიჭო საქციელის გამო რაც მათ გააკეთეს. სტურუა არის უდიდესი რეჟისორი და ჩვენ ბოლომდე სოლიდარობას გამოვუცხადებთ მას. მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დააბრუნოს თანამდებობაზე. სხვა საკითხია დაბრუნდება თუ არა თავად რეჟისორი. კარგი საქციელი იქნება ასევე, თუ ხელისუფლება ბოდიშს მოიხდის ბატონი რობიკოს გათავისუფლების გამო", - განაცხადა ზანგურმა.
მისი თქმით, საქართველოს თეატრებიდან ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს პროტესტს.
აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის ორგანიზატორებმა კულტურის სამინისტროში დატოვეს პლაკატი მინისტრ ნიკა რურუასთვის გადასაცემად. პლაკატზე აღბეჭდილი იყო ავტომატი წარწერით.
"ავტომატი არის დღევანდელი კულტურის სახე. რურუამ პასუხი უნდა აგოს იმ მოქმედებებისთვის, რომელსაც ის ხალხის წინაშე იდენდა მხედრიონში ყოფნის პერიოდში. ის არის ერის წინაშე დამნაშავე და მას არ აქვს უფლება ათავისუფლებდეს რობერტ სტურუას", - განაცხადა რეჟისორმა ზაზა სვანაძემ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მსახიობებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და გადაწყდება შემდეგი საპროტესტო ნაბიჯი. ზანგურის თქმით, პროტესტის შემდეგი ფორმა შეიძლება იყოს რუსთაველის თეატრის დასიდან მსახიობების წამოსვლა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას მიერ 9 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მინისიტრის განცხადებით, ქართველი რეჟისორის განთავისუფლება მის მიერ სომხების მისამართით გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებებს უკავშირდება. თავად სტურუას თქმით, მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია არასწორად მოხდა.
"მე რასისტი არ ვარ!" - აცხადებს სტურუა.