"თავისუფალ ასოციაციათა კავშირის" ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე, "ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაციის" წარმომადგენელი გალინა ოზიაშვილი, ორგანიზაციის "ვეტერანები ვეტერანებისთვის" ხელმძღვანელი დავით დავითაშვილი და "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროსთვის დაქვემდებარების თაობაზე განცხადებას ავრცელებენ.
"ბაჩო ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროდან 350-ზე მეტი ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი გაათავისუფლა. გაათავისუფლა სრულიად უკანონოდ, ვინაიდან ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კანონში გარკვევით წერია, რომ ვეტერანის გათავისუფლება, თუ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არ შეიძლება.მას შემდეგ მოხდა უარესი: ვეტერანთა ტერორი, ბინებიდან გამოყრა, მათი უმწვავესი სოციალური პრობლემებისა და უფლებების უგულებელყოფა და ყოველგვარი მინიმალური ცსოვრებისთვის აუცილებელი სახსრების გარეშე დატოვება. ყოველივე ამან გამოიწვია ვეტერანების სერიოზული პროტესტი, რაც გადაიზარდა ყველასთვის ცნობილ დეკემბერ-იანვრის შიმშილობის საპროტესტო აქციებში (გმირთა მემორიალთან), რომელიც ხელისუფლებამ უმოწყალოდ დაარბია, ხოლო ისედაც სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ვეტერანების ნაწილი დააჯარიმა 400-400 ლარით", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განცხადებით, დღეს, როცა მიმდინარეობს ვეტერანების ტერორი, მთავრობამ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი, "ვეტერანთა მატერორებელ ორგანოს თავდაცვის სამინისტროს, პირადად ბაჩო ახალაიას დაუქვემდებარა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაჩაგროს, დააკნინოს და ღირსება შეულახოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებს". მათი განცხადებით, დაიწყო "30 ვერცხლად" რიგი ვეტერანების მოსყიდვისა და გადაბირების მზაკვრული პროცესი, რასაც მოჰყვა თავდაცვის ექს-მინისტრ გენერალ გია ყარყარაშვილის "ქართული ლიგის" თავჯდომარეობიდან წასვლა.
"ეს ყველაფერი გააკეთა იმ ხელისუფლებამ, რომლის "მთავარსარდალიც" 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორში შიშისაგან მიწაზე ფორთხავდა, იმ დროს როდესაც გორში 1000-მდე ვეტერანი მზად იყო კიდევ ერთხელ თავი გაეწირა სამშობლოსთვის. მაგრამ მხდალმა და მოღალატე ხელისუფლებამ (პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტის ნაც. უმრავლესობა). იმის მაგივრად, რომ გამოცდილი, პროფესიონალი სამხედრო ვეტერანებისთვის დაერიგებინა იარაღი და მათთან ერთად წინ აღდგომოდნენ გარეშე მტერს, სანაცვლად აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებს მიასკდნენ საკუთარი თავისა და კორუფციით ნაშოვნი ფულის გადასარჩენად", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორთა მოთხოვნაა, ვეტერანთა დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც ვეტერანთათვის, გარდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით უზრუნველყოფისა, იმუშავებს საერთაშორისო ვეტერანთა და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან სათანადო პროგრამების მისაღებად, რომელიც მიზნობრივად მოემსახურება ვეტერანთა ცხოვრების პირობებისა და ჯამრთელობის გასაუმჯობესებას, ან დაუბრუნდეს ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლის ძირითადი ფუნქციაც მოსახლეობის სოციალურად დაცვაა.
ისინი მოუწოდებენ ყველა ვეტერანს, გამოვიდეთ საკანონმდებლო ინიციატივით და იბრძოლონ კანონმდებლობაში ამ ხელისუფლების მიერ წართმეული სასიცოცხლოდ აუცილებელი შეღავათების დასაბრუნებლად, ადამიანური და სოციალური უფლებების აღსადგენად და შემდგომში მათ ცხოვრებაში გასატარებლად.
მიუხედავად ასეთი ტოტალური ტერორისა, ჩვენი უფლებებისა და ჩვენი ღირსების დაცვისა და გადარჩენის საქმე, ჩვენი საქმეა და ჩვენი პრინციპული ამოცანა. ჩვენ თავად უნდა მოვახერხოთ ჩვენი უფლებებისა და ღირსების დაცვა, ჩვენ შეგვწევს ძალა და ღონე დავიცვათ ჩვენი სამშობლო და მოსახლეობა გარე აგრესიისაგან, და მეტიც, დავუდგეთ გვერდში თითოეულ მოქალაქეს მათი უფლებებისა და ღირსების დაცვის საქმეში.