ENG / RUS       12+

დავით ბუხრიკიძე: სტურუას წასვლით თეატრში დაიწყება დაღმასვლა, ადგილების გადანაწილება და ქიშპობა

რესპოდენტის შესახებ

რობერტ სტურუა წავიდა... ის მოხსნეს... რუსთაველის თეატრში გენიალური რეჟისორის მოღვაწეობის ასეთი ფინალი, ალბათ, გასაკვირი უნდა ყოფილიყო, თუმცა არავის გაჰკვირვებია. ბოლო პერიოდში მასსა და ხელისუფლებას შორის არსებული გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, რუსთაველში სტურუას შემოქმედებითი მოღვაწეობის ასეთ დასასრულს ყველა ელოდა...

თავად რეჟისორი კულტრის მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. ამბობს, რომ უკვე "სვაბოდაზეა" და თავისუფალი აზრის გამოთქმაც უფრო თავისუფლად შეეძლება. Freedom! - ასე პასუხობს რეჟისორი ხელისუფლებას, რომელიც მის გათავისუფლებას "ეთნიკური მეტაფორების" მიზეზით ხსნის...
სად მიდის სტურუა, რას დაკარგავს "რუსთაველი" და არის თუ არა კულტურის მინისტრი ნიკა რურუა გულწრფელი, როცა რეჟისორის გათავისუფლების მიზეზზე საუბრობს, "ჯი-ეიჩ-ენი" ხელოვნებათმცოდნე დავით ბუხრიკიძეს ესაუბრა.

- კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ რობერტ სტურუას გათავისუფლება დაასაბუთა და განაცხადა, რომ ეს მოხდა სტურუას მიერ ეთნიკური უმცირესობების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მიზეზი თქვენთვის, როგორც ხელოვნებათმცოდნისთვის საკმარისი?

-აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კონტექსტი - ძალიან დაგვიანებული იყო ხელისუფლების რეაქცია. თუ ქსენოფობიური განცხადებების გამო რობერტ სტურუა თანამდებობიდან გათავისუფლებას იმსახურებდა, ეს უნდა გაკეთებულიყო სამი თვის წინ, როცა მან ასეთი განცხადებები გააკეთა. ეს მაშინვე უნდა მომხდარიყო, იმ კვირაშივე და არა რამდენიმე თვის შემდეგ. მეორე - თუ ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, მაშინ რატომ არ ვიღებთ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს სხვა თანამდებობის პირების, მაგალითად დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიმართ, რომელმაც გეების და ლესბოსელების წინააღმდეგ ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა, ან ლადო ვარძელაშვილის მიმართ, რომელსაც რასისტული განცხადებები ახასიათებს. იგივე შეგვეძლო გვეთქვა პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართითაც და აღგვეძრა მაშინ მის წინააღმდეგ საქმე. რატომ არ გათავისუფლდნენ ეს ადამიანები თანამდებობებიად ან სიმბოლურად, ჯარიმა მაინც რატომ არ გადაიხადეს? თუ კანონია და ამ კანონს ვიცავთ, მაშინ ყველა თანამდებობის პირისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ ის ერთნაირად უნდა მოქმედებდეს, ხოლო თუ სამართალი არის შერჩევითი, მაშინ ის აღარ არის სამართალი.

- და რობერტ სტურუას შემთხვევაში, ფიქრობთ, რომ შერჩევითი სამართალი მოქმედებდა?

- ასე გამოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა პირებსაც უნდა ეგოთ პასუხი რასისტული და ქსენოფობიური განცხადებების გამო.

- ანუ, თუ სტურუას გათავისუფლება მის მიერ, როგორც ნიკა რურუამ განაცხადა, "ეთნიკური მეტაფორების" გამო არ მომხადა, მაშინ, როგორ ფიქრობთ, მიზეზი რაშია?

- მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს (და ალბათ ეს ასეცაა) მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. როგორც ცნობილია, რობერტ სტურუას ძალინ ცუდი და დაძაბული დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებასთან, რადგან სტურუა არის დიდი ფიგურა, ხელისუფლება კი ებრძვის მას, ვინც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ რობერტ სტურუას მიერ ეთნიკური უმცირესობის მისამართით გაკეთებული განცხადებები ძალიან კარგი საბაბი აღმოჩნდა მის მოსაშორებლად. ხელისუფლებისთვის მიუღებელია ის ხალხი, ვინც მას ეწინააღმდეგება.

- როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ქსენოფობიური ის განცხადებები, რაც რობერტ სტურუამ გააკეთა და იმ დონის ხელოვანს, როგორიც ისაა, მოეთხოვება თუ არა ამ კუთხით მეტი თავშეკავება?

- იყო, რა თქმა უნდა, სტურუას განცხადებები ნამდვილად შეიცავდა ქსენოფობიურ ხასიათს, მაგრამ ეს არ არის არც მხოლოდ ერთი ადამიანის და არც მხოლოდ დღის პრობლემა. ამას საქართველოში სულ ვაწყდებოდით და ასეა ახლაც, თუმცა თვალშისაცემი ხდება მაშინ, როცა ამას აკეთებს თვალსაჩინო მოღვაწე, თვალსაჩინო ფიგურა.

- თუმცა, რობერტ სტურუა აცხადებს, რომ ის რასისტი არ არის და ცნობილი განცხადებაც სულ სხვა კონტექსტში გააკეთა.

- რა თქმა უნდა არ არის. სწორედ ისაა პრობლემა, რომ ვერ ვხედავთ სიტყვასა და ქმედებას შორის განსხვავებას. მართალია, ჩვენს ნათქვამზე ისევე უნდა ვაგებდეთ პასუხს, როგორც ნამოქმედარზე, მაგრამ ნალაპარაკევს არ მოქავს ისეთი მძიმე შედეგები. მოდით დავსვათ შეკითხვა - რა უფრო მძიმე შედეგის მომტანი იყო, ის რაც სტურუამ თქვა, თუ ის, რაც 26 მაისს მოხდა? თუ ასეა, რატომ შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგა, როცა დარბევას მსხვერპლი მოჰყვა?

- ერთი სიტყვით, იმსახურებდა თუ არა რობერტ სტურუა თანამდებობიდან გათავისუფლებას?

- ეს უკვე მიზანშეწონილობის პრობლემა იყო. თუ კონტექსტში განვიხილავთ - არა. თუ ზოგადად განვიხილავთ - კი. ზოგადად, შეიძლებოდა ეს გამხდარიყო მისი თანამდებობიდან მოხსნის მიზეზი, თუკი ევროპული და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენცია დაედებოდა ამას საფუძვლად, მაგრამ იმ ფონზე, როცა ამდენი საშინელება ხდება ქვეყანაში და მარტო ეს ხდება პრობლემა, ეს უკვე დიდი პრობლემაა.

- საპარლამენტო უმრვლესობის ზოგიერთმა წევრმა თქვა, რომ სტურუას გათავისუფლება მისი ბოლო წლების უნაყოფო საქმიანობის გამო მოხდა. როგორც ხელოვნებათმოცდნის შეფასება როგორია სტურუას ბოლო რამდენიმეწლიან შემოქმედებით მოღვაწეობაზე?

- ბოლო წლებში მას ჰქონდა კრიზისი, ეს უდავოა. ეს იგრძნობა მის სპექტაკლებში, მის ესთეტიკაში. სპექტაკლები არ იყო იმდენად მძაფრი, იმდენად მხატვრულად დასაბუთებული. ის იმეორებდა ციტატებს თავისი სპექტაკლებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 5 წელი არ იყო მის შემოქმედებაში ბევრად ნაყოფიერი.

- რას დაკარგავს რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას წასვლით?

- რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ მოხდება. როდესაც ასეთი ფიგურა მიდის თეატრიდან, თეატრში იწყება ქაოსი, ბრძოლა ახალი გავლენისა და გადანაწილებისათვის. რადგან მინისტრი ამბობს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი არ უქმდება და ცხადია, მოიწვევენ ვინმეს, ეს გამოიწვევს კამათს. ამას ემატება ისიც, რომ ისეთი დიდი და ნიჭიერი პიროვნება, როგორიც სტურუაა, არ გვყავს. მე როგორც ვიცი, სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე სამი კანდიდატურა მოიაზრება - დათო დოაშვილის (თუმცა თავისი თეატრი აქვს და რატომ უნდა დათანხმდეს არ ვიცი), ავთო ვარსიმაშვილის (რომელსაც ასევე საკუთარი თეატრი აქვს) და დავით საყვარელიძე.

თავად რუსთაველის თეატრი ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს. მოიშლება დისციპლინა. დადგენლი რეპერტუარი შეიცვლება. სტურუას სპექტაკლებიც ნელ-ნელა ამოვარდება. ყოველთვის ასე ხდება, როდესაც ახალი მოდის, ის ახალ სპექტაკლებს დგამს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წლებში რუსთაველის თეატრში სიცოცხლის სიო არ იყო. გარვეული სტაგნაცია შეინიშნებოდა ბოლო 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ერთი ანდაზაა, "ისეთმა ძროხამ უნდა დამწიხლოს, ვინც ჩემზე მეტს იწველისო"... საქმე ისაა, ვინ შესძლებს გააკეთოს რობერტ სტურუაზე მეტი?

- მოსალოდნელია თეატრმა დაკარგოს პირველობის სტატუსი?

- ალბათ კი. რუსთაველის თეატრი მთავრობას არასოდეს ესიმპატიურებოდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ფავორიტი თეატრი იყო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახლა თეატრში იქნება დაღმსავლა. ადგილების გადანაწილება, თვითომ მსახიობებს შორის ქიშპობა, ნაწილი მსახიობებისა, ალბათ, წავა და ამის შესახებ განცხადებები უკვე გაკეთდა. მაგალითად, ბესო ზანგური ტოვებს თეატრს. სავარაუდოდ, შემდეგი 2-3 წელი ნაყოფიერი არ უნდა იყოს რუსთაველის თეატრისთვის.

- რაც შეეხება საზოგადოების რეაქციას, რამდენად სწორი რეაქცია ჰქონდა ხალხს სტურუას წასვლასთან დაკავშირებით?

- საზოგაოდებას მძაფრი რეაქცია აქვს და ეს ბუნებრივია. Facebook-ზე მხარდამჭერთა ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც სტურუას მხარდაჭერ აქციებს აწყობს, თუმცა რობერტ სტურუა გაათავისუფლეს და ის იქ აღარ დაბრუნდება. ამბობენ, რომ შეიძლება ლონდონში წავიდეს. მას აქვს რამდენიმე შემოთავაზება, რაზეც თავადაც განაცხადა. ცნობილია ასევე ისიც, რომ სტურუას მოსკოვში, თეატრ "Еt Cetera" სთავაზობენ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს.


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

 

ავტორი: . .