აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 19 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა დავითაიამ ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"დღეს ძალიან მძიმე დღეა, რადგან 19 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და პატივი უნდა მივაგოთ იმ დაღუპული გმირების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს", - განაცხადა დავითაიამ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საომარი მოქმედებები 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.