სურსათის ეროვნულ სააგენტო ჯილეხთან დაკავშირებით კომენტარზე უარს ამბობს. სპეციალისტების განცხადებით, ჯილეხით დაავადების მატება იმაზე მიუთითებს, რომ დაავადების აღმოფხვრას შესაბამისი ყურადღება არ ექცევა. მათი თქმით, ჯილეხის ვაქცინა ასპროცენტიანი ეფექტურობით გამოირჩევა და ცხოველის აცრის შემთხვევაში მას ჯილეხი არ დაემართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა, სრულმა პროფესორმა ლევან მაკარიძემ განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან მეტი ქმედებაა საჭირო ჯილეხთან საბრძოლველად.
"არაკეთილსაიმედო კერებში მასობრივი ვაქცინაცია უნდა განხორციელდეს. ვაქცინა ასპროცენტიანი ეფექტურობით გამოირჩევა და ცხოველის აცრის შემთხვევაში მას ჯილეხი არ დაემართება. ვერც ერთი სამსახური ვერ უზრუნველყოფს ინფექციის აღმოფხვრას, თუ სახელმწიფოს მხრიდან არ გამოიყო თანხები ვაქცინაციისთვის და არ გატარდა პრევენციული ზომები ჯილეხთან საბრძოლველად", - განაცხადა მაკარიძემ.
მისი თქმით, ჯილეხი ძალიან საშიში ინფექციაა, რომელთანაც ზერელედ მიდგომა დაუშვებელია.
"ჯი-ეიჩ-ენი" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა. როგორც სააგენტოსთან საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიის მთავარმა სპეციალისტმა ნიკოლოზ ცერცვაძემ განაცხადა, 2011 წელს ჯილეხით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა.
"არის გარკვეული მატება, მაგრამ საგანგაშო არ არის. მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და საქონელი იცრება. სადაც შემთხვევები გვაქვს, ყველგან იცრება საქონელი. ვვარაუდობთ, რომ კლება დაიწყება. მატება გამოიწვია უხვმა წვიმებმა, რომელიც მოვიდა საქართველოში. გამორეცხა მთელი ნიადაგი და ამის გამომწვევი სპორები მიმოიფანტა მინდორში. რამდენადაც ვიცი, მარნეულის რაიონში და თეთრიწყაროს რაიონში ეს აცრები ახლაც ტარდება. ადამიანების დასნებოვნება მოხდა წინა პერიოდში, როდესაც აცრები არ ტარდებოდა", - განაცხადა "ჯიეიჩ-ენთან" საუბარში ცერცვაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა დაინფიცირებულთა მკურნალობისთვის. შემთხვევის დაფიქსირების დროს კი რეაგირება მაშინვე ხდება.
"ჯი-ეიჩ-ენი" დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა შეკითხვების წერილობით გადაგზავნა ითხოვა, თუმცა მას კითხვების გაგზავნის შემდეგ სურსათის ეროვნულ სააგენტომ მათზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.