26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან სამი წელი სრულდება. დედამიწაზე "მოჩვენება სახელმწიფოების" არსებობის საფრთხეს "ნიუ-იორკ ტაიმსი" საგანგებო წერილს უძღვნის.
"მათ ჰყავთ საკუთარი ჯარი, ატარებენ არჩევნებს, აშენებენ ეკონომიკას, ზრდიან შვილებს, მაგრამ არიან ბურუსში ფაქტობრივ არსებობასა და საერთაშორისო ლეგიტიმურ აღიარებას შორის", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სულ მსოფლიოში "მოჩვენებითი სახელმწიფოების" მსგავსი მრავალი წარმონაქმნია, სადაც დახლებით 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
"ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მსგავსი წარმონაქმნი დნესტრისპირეთსა და ყარაბაღშია, ევროპაში - თურქეთის ჩრდილოეთ კვიპტროსის რესპუბლიკა, ახლო აღმოსავლეთიში - პალესტინა, აფრიკაში - სომალილენდი", - წერს გამოცემა. იქვე ნათქვამია, რომ "მოჩვენებითი სახელმწიფოების" უმეტესობა გადარჩენას საგარეო დახმარების ხარჯზე ახერხებს.
"მოსკოვი ე.წ. სამხერთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის რუხი კარდინალია, მთაინ ყარაბაღში უდიდესია სომხეთის გავლენა. ფანტომი სახელმწიფოების ხელისუფლებები მეტწილად კორუმპირებულები არიან. მათ სამხედრო მეთაურები ხელმძღვანელობენ, რომლებიც დაკავშირებული არიან ნარკობიზნესთან ან სხვა უკანონო საქმიანობასთან. ისინი იწყებენ საომარ მოქმედებს, ახდენენ დანაშულის კულტივირებას და ასუსტებენ ისედაც სუსტ სახელმწიფოებს", - აღნიშნავს გამოცემა. იქვე ნათქვამია, რომ ასეთი სახელმწიფოები ჩნდება ომის შედეგად და თავს ინარჩუნებს ბრძოლის გაგრძელების მუქარის ხარჯზე.
სტატიის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემობაზე, რომ ისეთი წარმონაქმნები, რომლებიც "კარგად იქცევიან", დახმარებას იღებენ. ამის მაგალითად მოყვანილია ტაივანი, რომლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის ჩინეთი და მას საკუთარ განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
"მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგნი არიან და გამორიცხავენ "მოჩვენებების" გარდაქმნას მსოფლიო პოლიტიკის სრულუფლებიან მოთამაშეებად. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ "მოჩვენების" ამბიციების დაკმაყოფილება აბსოლუტურად არასწორი იქნება, რადგან მაშინაც კი, როდესაც ისინი ხდებიან ნამდვილი სახელმწიფოები, პრობლემები მაინც რჩება. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ერიტრიის ანალოგიები, საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუწყოს რეფორმების გატარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მილიონობით ადამიანი შემდგომშიც გააგრძელებს იმ პოლიტიკურ მდგომარეობაში ყოფნას, სადაც არის სამართლებრივი გაურკვევლობა, ხოლო მათი მეზობლები მუდმივად იქნებიან ომის საფრთხის ქვეშ", - ნათქვამია სტატიაში.
შეგახსნებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 26 აგვისტოს, რუსეთის სახელმწიფო დუმა დაეთანხმა პრეზიდენტ მედვედევის რეკომენდაციას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
სამი წლის შემდეგ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა მხოლოდ ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვენესუელამ აღიარეს.