დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის მოსახლეობა სოფლიდან გასახლებას ითხოვს. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნით, ადამიანების იქ ცხოვრება სიცოცხლისათვის სახიფათოა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
"ვეძათხევი მეწყრულ ზონაშია და მოსახლეობის გასახლებაზე ვზრუნავთ. მათ კახეთში ჩასახლება შევთავაზეთ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კიდევ მივმართავთ და შევეცდებით პრობლემა მალე მოვაგვაროთ," - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების სამმართველოს უფროს გიორგი მაზმიშვილის განცხადებით, ვეძათხეველთა პრობლემა შესწავლილია.
"ვეძათხეველთა პრობლემა შესწავლილი გვაქვს. იქ მცხოვრებ 11 ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ლაგოდეხის რაიონში შევთავაზეთ. თავდაპირველად დაგვთანხმდნენ. მერე კი აღმოჩნდა, რომ თანახმა მხოლოდ 3 ოჯახი იყო. მათ გვთხოვეს წინასწარ ენახათ ის ადგილი, სადაც იცხოვრებდნენ. როგორც კი მოვახერხებთ, წავიყვანთ და დავათვალიერებინებთ. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, იმედია შეთავაზებულ პირობებს ისინიც დასთანხმდებიან. საკომპენსაციო თანხის გადახდა არ მოხდება", - აღნიშნა მაზმიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვეძათხევი დუშეთიდან 12 კილომეტრში მდებარეობს და უკვე 9 თვეა სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფლამდე მისასვლელი გზა მეწყერმა წაიღო