ბათუმის მერია ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში პროექტის - "ზაფხულის ღია ახალგაზრდული თეატრის" ძირითადი ნაწილის განხორციელებას იწყებს.
დღეს, 16 აგვისტოს 21 საათზე,"ზაფხულის ღია ახალგაზრდული თეატრი" ტურისტებისა და ადგილობრივი მაყურებლისთვის სიურპრიზს ამზადებს: ღია ცის ქვეშ, ცოცხალი მუსიკალური აკომპანიმენტით, წარმოდგენილი იქნება იტალიელი კომედიოგრაფის, კარლო გოლდონის "სასეირო ოინი".
დამდგმელი ჯგუფი ორივე სპექტაკლის წარმოდგენისას იცავს კომედია დელ'არტეს ფორმას. სპექტაკლები გათამაშებული იქნება ზუსტად ისე, როგორც მე-18 საუკუნეში.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სპექტაკლებამდე ბათუმის ქუჩებში დღის განმავლობაში მოეწყობა თეატრალიზებული მსვლელობა. პროექტის ფარგლებში, ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში წარმოდგენილი იქნება ქუჩის თეატრი დადგმული სპექტაკლი "ოთხი ტანგო". პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდული თეატრალური დასის ჩამოყალიბებას. ბათუმის ბულვარში, ქუჩებსა და საზოგადოებრივ ადგილებში თეატრალური წარმოდგენებისა და მსვლელობების ორგანიზებას.
პროგრამის მიზანი ნიჭიერი, შემოქმედებითი უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი წარმოჩენაა, ასევე მიზნად ისახავს ტურისტული სეზონის გამრავალფეროვნებას.
მასალის გამოყენების პირობები