"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები და ყოფილი მე-8 საავადმყოფოს (ალადაშვილის კლინიკის) კოლექტივის წარმომადგენლები დღეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ შეხვდნენ.
მაგდა ანიკაშვილმა და გიორგი ახვლედიანმა, ექიმებთან ერთად, საავადმყოფოს რეკონტრუქციის პერიოდში, პერსონალის დასაქმების უზრუნველყოფა მოითხოვეს.
სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, საავადმყოფო ვერც ერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და მისი ფუნქციონირება დაუშვებელია, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სექტემბერში დაიწყება და 2012 წელს დასრულდება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 183 მუშაკიდან სხვადასხვა კლინიკაში უკვე დასაქმებულია 135 ადამიანი.
"ჩვენ რამდენიმე თვეა ამ პროცესში ვართ ჩართული და მონიტორინგს კვლავაც გავაგრძელებთ. პერსონალის და "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნები იდენტურია - არც ერთი ექიმი უმუშევარი არ დარჩეს. ამასთან აუცილებლად მიგვაჩნია მყარი გარანტიების მიღება იმის თაობაზე, რომ კლინიკის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ყველა კადრს მიეცემა საავადმყოფოში დაბრუნების საშუალება" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.