ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მხარდამჭერმა ძალებმა აჯანყებულების წინააღმდეგ "სკუდის" ტიპის ბალისტიკური რაკეტების გამოყენება დაიწყეს. კადაფის ძალებმა ექვსთვიანი სამოქალაქო ომის პერიოდში ბალისტიკური რაკეტები პირველად გამოიყენეს.
როგორც პენტაგონი იუწყება, რაკეტა ზღვისპირა ქალაქ სირტედან ბრეგას მიმართულებით ისროლეს, თუმცა რაკეტა ბრეგადან 80 კილომეტრის მოშორებით, უდაბნოში ჩამოვარდა და მას რაიმე ზიანი არ გამოუწვევია. ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესახებ ლიბიის ხელისუფლებას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. თუმცა კადაფის ძალები ირწმუნებიან, რომ მათ 200 ბალისტიკური რაკეტა აქვთ.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ლიბიის ხელისუფლებამ რაკეტების გამოყენება აჯანყებულების შესაჩერებლად გადაწყვიტა., რომლებიც ტრიპოლისკენ სვლას განაგრძობენ. ბრეგაზე სრულ კონტროლს ამ დრომდე ვერცერთი მხარე ვერ ამყარებს.
გუშინ, კადაფის მოწინააღმდეგეებმა ტრიპოლის ორ მეზობელ ქალაქზე - ზავიაზე და ღარიანზე მიიტანეს იერიში. მათი მტკიცებით მათ დაამყარეს კონტროლი ღარიანზე, ტრიპოლისა და ქალაქ საბას დამაკავშირებელ გზაზე და ზავიადან ტუნისის საზღვრამდე მისასვლელ გზაზე. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა არ ადასტურებს. სამთავრობო ძალებმა შეინარჩუნეს კონტროლი ზავიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. კადაფის ძალებს საწვავის უმეტესი ნაწილი აღნიშნული ქარხნიდან მიეწოდება.
"ჩვენ ტრიპოლამდე მისასვლელი ყველა გზა გადავკეტეთ. კადაფს აღარ ექნება შესაძლებლობა ტრიპოლიში რაიმე შეიტანოს", - განაცხადა მეამბოხეების საველე მეთაურმა ჯუმა დარდირმა "ასოშიეითიდ პრესთან" საუბრისას.
როგორც მედიკოსებმა "როიტერს" განუცხადეს, სამთავრობო ძალებმა აჯანყებულების შესაჩერებლად ნაღმმტყორცნები და სნაიპერები გამოიყენეს, რასაც სამი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამასობაში, ჰოლანდიამ ლიბიის ხელისუფლების 100 მილიონი დოლარის რაოდენობის აქტივები გაყინა. როგორც ჰოლანდიის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება ლიბიის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა სამკურნალოდ, მათთვის ოპერაციების გასაკეთებლად და აჯანყებულებისთვის მედიკამენტების მისაწოდებლად.