მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, 13 აგვისტოს, დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაული "თიანეთობა 2011" გაიმართება.
სახალხო დღესასწაული დაბა თიანეთში რამდენიმე წელია ტრადიციულად აგვისტოში ტარდება და იქ მისულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში უამრავ მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობს. ფესტივალის ჩატარება მიზნად ისახავს ქართული-ხალხური ტრადიციების აღდგენას, ტურიზმის ხელშეწყობას ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
სახალხო დღესასწაული დაბა თიანეთში არსებულ ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში 12:00 საათზე დაიწყება, სადაც სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი:
13:00 საათზე ჩატარდება სპორტულ-გასართობი ღონისძიებები: დოღი, ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი, ქართულ საბრძოლო ხელოვნებას წარმოადგენს ხრიდოლი, გაიმართება საბავშვო გასართობი პროგრამა, ღონისძიებაზე მოსული სტუმრების წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან რეგიონში არსებული ფოლკლორული ანსამბლები, მოეწყობა სახალხო კონკურსები ლუდის სმასა და ხინკლის ჭამაში, ბავშვებისთვის გაიმართება საცირკო წარმოდგენები, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს, საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ადგილზე მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები. 18:00 საათზე ქართული ესტრადის ვარსკვლავები გალაკონცერტს გამართავენ.