საქართველოს სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს დევნილთა ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორც გიორგი ტუღუშის განცხადებაშია ნათქვამი, სასტუმრო "აფხაზეთსა" და ,,კურორტოლოგიის ინსტიტუტში" მცხოვრები დევნილების ინტერესების დაცვისთვის სამინისტრომ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რათა მიღწეულ იქნას დევნილებთან შეთანხმება, როგორც ალტერნატიული ფართების ისე საკომპენსაციო თანხების შეთავაზებისას.
"ხოლო, მანამ, სანამ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით არ იქნება დადებული დევნილებთან წერილობითი შეთანხმება/გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები, არ მოხდეს დევნილთა გამოყვანა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება თბილისში მდებარე რამდენიმე კოლექტიური ცენტრიდან დევნილთა განსახლება. კერძოდ: სასტუმრო „აფხაზეთი", და ,,კურორტოლოგიის ინსტიტუტი". აღნიშნულ ობიექტებს აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტების სტატუსი და იქ მცხოვრები თითოეული დევნილი ოფიციალურად არის იქ დარეგისტრირებული. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ორივე შენობას ჰყავს ინვესტორი.
სასტუმრო „აფხაზეთში" მცხოვრებ დევნილებს შესთავაზეს ან რუსთავში მშენებარე კორპუსში განსახლება, რომლის დასრულებამდეც დევნილებს სთავაზობენ ბინის ქირის გადახდას, ან ოჯახს 10 000 დოლარის ეკვივალენტ თანხას; რაც შეეხება ,,კურორტოლოგიის ინსტიტუტს", დევნილებს სთავაზობენ ქ.თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ყოფილი #165 ბაგა-ბაღის შენობაში განსახლებას. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე დევნილთა ნაწილი არ არის თანახმა ამ შეთავაზებაზე. ოფიციალური ინფორმაციით სასტუმრო „აფხაზეთიდან" დევნილთა გამოყვანა 15 აგვისტოს, ხოლო ,,კურორტოლოგიის ინსტიტუტიდან", 18 აგვისტოს იგეგმება.