დედაქალაქის მერიამ თბილისში მოქმედი საბავშვო-ბაღების თანადაფინანსების ინდივიდუალური ტარიფები დაასახელა.
რა დაუჯდება ბავშვის სასურველ ბაღში მიყვანა მშობელს, - დეტალური ინფორმაცია www.kids.org.ge-ზეა განთავსებული.
საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საბავშვო ბაღში სწავლის ყოველთვიური მინიმალური გადასახადი 30 ლარი იქნება, მაქსიმალური კი 80 ლარი.
გლდანი-ნაძალადევის რაიონში არსებულ საბავშვო ბაღებში საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, რომლებიც არ ფიქსირდებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში ან რომელთა სარეიტინგო ქულა აღემატება 200 000, პირველი ბავშვის მომსახურების ღირებულება შეადგენს 35-დან 55 ლარამდე, ოჯახიდან მეორე ბავშვი მომსახურების ღირებულება თითქმის ნახევრდება, მესამე და მომდევნო ბავშვის მომსახურება კი უფასოა.
40-დან 60-ლარამდე განისაზღვრა დიდუბე-ჩუღურეთში განთავსებული საბავშვო ბაღების თანადაფინანსების ტარიფები.
ყველაზე მაღალი გადასახადის გადახდა მშობლებს თავიანთი შვილების ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე საბავშვო ბაღებში შეყვანისას მოუწევთ - სწავლის ყოველთვიური მინიმალური ზღვარი 50 ლარითაა განსაზღვრული, რიგ ბაღში კი გადასახადის სახით 80 ლარია დაწესებული.
რაც შეეხება ძველ თბილისს, წავკისის, შინდისის, კოჯრისა და ტაბახმელას ბაღებში თითო ბავშვზე ყოველთვიური გადასახადი 30 ლარით განისაზღვრა.