"თავისუფალი საქართველო" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მსხვილი კომპანიების აქციათა პაკეტის საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გაყიდვას დაუშვებლად მიიჩნევს.
"თავისუფალი საქართველო" წინააღმდეგია სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიების პრივატიზებისა. ეს კომპანიები წარმოადგენს ეროვნულ სიმდიდრეს და იმავდროულად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ნაწილს, ამიტომ მათი გადაცემა კერძო კომპანიებისთვის, დაუშვებლად მიგვაჩნია", - აცხადებს პარტიის ლიდერი კახა კუკავა.
მისივე თქმით, დასავლეთის პარტნიორმა ქვეყნებმა არაერთხელ მისცეს რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი გადაწყვტილებისგან, "თუმცა ბენდუქიძის და სხვა კორუფციული ჯგუფების რეკომენდაციები, როგორც ჩანს, უფრო გავლენიანი აღმოჩნდა".
"რაც შეეხება განმარტებას, რომ იყიდება აქციების მაქსიმუმ 25%, ეს საქართველოს მთავრობისთვის ჩვეული ტექნოლოგიაა, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ზონდირება, ხოლო შემდეგ დამატებით გადაწყვეტილების მიღება, ბარემ 50% და ა.შ... საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი სააკაშვილის კორუმპირებული მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პრაქტიკა, ამიტომ შეგვიძლია უკვე წინასწარ ვივარაუდოთ (იგივე მიკროავტობუსების და სატელეკომუნიკაციო ანძის პრივატიზაციის პრაქტიკიდან გამომდინარე), რომ: სახელმწიფო კომპანიების აქციების პაკეტი გაიყიდება საზოგადოებისგან მალულად; მყიდველი აღმოჩნდება სააკაშვილის ოჯახთან დაახლოებული რომელიმე ბიზნეს ჯგუფი მოსკოვიდან (შარანგიები ან სხვ)," - მიიჩნევს კუკავა.
"თავისუფალი საქართველო" მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სერიოზული ყურადღება მიაქციოს "საქართველოს კორუმპირებული რეჟიმის მიერ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს".
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს საკუთრებაშიY არსებული მსხვილი კომპანიების აქციების პაკეტის საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გაყიდვას აპირებს. გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია მაგისტრალურ გაზსადენზე და საქართველოს რკინიგზაზე.