აშშ-ის კონგრესში მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბინ ლადენს ლიკვიდაციის შესახებ ფილმის გადამღებმა ჯგუფმა პენტაგონისგან საიდუმლო ინფორმაცია მიიღო.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ პიტერ კინგმა მოითხოვა ჩატარდეს გამოძიება და გაირკვეს თუ რა მასალები მოხვდა გადამღები ჯგუფის ხელში.
კომიტეტის თავმჯდომარის მოთხოვნა The New York Times-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას მოჰყვა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ფილმის რეჟისორმა კეტრინ ბიგელოუმ მიიღო საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის უფლება.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ფილმმა, შესაძლოა, გარკვეულწილად, ხელი შეუწყოს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შანსებს მეორე ვადით დარჩეს თეთრ სახლში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ კეტრინ ბიგელოუს ფილმი ეკრანებზე 2012 წლის ოქტომბერს გამოვა.
ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ამერიკის სპეცსამსახურებმა ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, ფილმის ფინალი გადასაკეთებელი გახდა.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, სპეციალური დანიშნულების დანაყოფმა მიიღო დავალება ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ და განახლებული სცენარის მიხედვით დავალებას თავი პირნათლად გაართვა.
ფილმის სცენარის ავტორია მაკ ბუალი, რომელმაც კეტრინ ბიგელოუსთან ერთად ოსკაროსან ფილმ "ქარიშხლის მბრძანებლებზე" იმუშავა.