ბირმინგემში არეულობების გამო გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თვითმხილველთა მონათხრობით, ყველა მათგანი ადგილობრივი მოსახლეა, რომლებიც ქუჩებში იმიტომ გამოვიდნენ, რომ პატრულირება განეხორციელებინათ და საკუთარი სახლები დაეცვათ. ყველა მათგანის სიკვდილის მიზეზი ავტომობილი გახდა, რომელიც მათ დაეჯახა.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად ლონდონში შედარებითი სიმშვიდეა, მღელვარება სხვა ქალაქებს მოედო. მანჩესტერში, ლივერპულში, ნოტინგემში და ბირმინგემში აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები მაღაზიების ვიტრინებს ამსხვრებენ და ავტობილებს წვავენ.
დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო შვებულება შეწყვიტა საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის წევრებთან ორი თათბირი ჩაატარა და შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ პოლიცია უფლებამოსილია მიმართოს "ნებისმიერ ქმედებას" იმისათვის რათა სიტუაცია კონტროლს დაუქვემდებაროს.