დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ბორის ბერეზოვსკიმ გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცს" ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავის საყვარელ ქალებზე, რეკორდულ განქორწინებაზე და საფრანგეთში მაცხოვრებელი 87 წლის დედის რჩევაზე ისაუბრა - "ბორია შეურიგდი ვოვას", ანუ რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს.
მედია წერდა, რომ ბორის ბერეზოვსკიმ გაყრისას თავის ყოფილ ცოლს, გალინა ბეშაროვას 260 დან 360 მილიონ აშშ დოლარამდე მისცა. თავად ბერეზოვსკიმ უარი განაცხადა დაესახელებინა თანხა, რომელიც გაყრისას მეუღლეს გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან "მატერიალურად გარანტირებულად უზრუნველყო" ყოფილი ცოლი და "საყვარელი შვილები".
"მას ფულს ისედაც მივცემდი, ყოველგვარი სასამართლო გარჩევების გარეშე", - აცხადებს ბერეზოვსკი და აღნიშნავს, რომ მისი ღრმა რწმენით, ქალებს, რომლებთანაც ურთიერთობები დასრულდა, მამაკაცი უნდა დაეხმაროს. ამასთან, ოლიგარქი უარს აცხადებს თავისი ქალების "ყოფილად" მოხსენიებაზე, ვინაიდან ისინი, მისი თქმით, მისთვის "ახლანდელებიც" არიან იქედან გამომდინარე, რომ მას უყვარდა ისინი და ახლაც უყვარს "ამ სიტყვის ფართო გაგებით".
"მათი ნებისმიერი პრობლემა - ჩემი პრობლემაა", - აცხადებს ბიზნესმენი და საუბარს თავის პირველ სიყვარულზე განაგრძობს.
მისი აღიარებით, პირველად მას სკოლაში შეუყვარდა და ეს სიყვარული მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა. იგი 7 წლის იყო, როდესაც მას თანაკლასელი ნატაშა ბასოვა შეუყვარდა, რომელიც 5 წლის განმავლობაში უყვარდა.
ამასთან ერთად, ბერეზოვსკი აღნიშნავს, რომ მისი სიყვარული უპასუხო იყო, ვინაიდან ლამაზმა ნატაშამ მას სიყვარულითვე არ უპასუხა. თუმცა, ბერეზოვსკის არ სურს თავის პირველ სიყვარულს შეხვდეს, ვინაიდან იმედგაცრუება განიცადა 1972 წელს თანაკლასელებთან შეხვედრისას და მიხვდა თუ "რას უკეთებს ადამიანებს დრო". "ამის შემდეგ მე ვცდილობ ჩემს წარსულს პირისპირ არ შევხვდე", - აცხადებს ბერეზოვსკი.
ოფიციალურად ბორის ბერეზოვსკი ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა. იგი ექვსი შვილი მამაა. ამას გარდა, მას უკვე ექვსი შვილიშვილიც ჰყავს. ოლიგარქის თქმით, რაც უფრო იზრდებიან ისინი, ერთმანეთთან მით უფრო კარგი დამოკიდებულება აქვთ.
პირველად ბერეზოვსკი 70-იან წლებში ნინა ბერეზოვსკაიაზე დაქორწინდა. მასთან ოლიგარქს ორი გოგონა - ელისაბედი და ეკატერინე გაუჩნდა. "ნინას მაშინ დავშორდი, როდესაც გალია შემიყვარდა", - აცხადებს ბერეზოვსკი და აღნიშნავს, რომ მის მეუღლეებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ.
ოლიგარქის მეორე ცოლი გალინა ბეშაროვა მასზე 12 წლით იყო უმცროსი. ბეშაროვაზე ბიზნესმები 1991 წელს დაქორწინდა. მათ ორი შვილი ეყოლათ - ვაჟი არტიომი და ქალიშვილი ანასტასია.
გალიასთან ოლიგარქმა მხოლოდ რვა წელი იცხოვრა - "16 წელიწადი ერთად არ გვიცხოვრია, თუმცა ოფიცილურად მეუღლეები ვიყავით", - აცხადებს ბერეზოვსკი და აღნიშნავს, რომ გალინადან იგი სიყვარულის გამო ელენე გორბუნოვასთან წავიდა.
ოლიგარქი აღიარებს, რომ თავის თავს მიმზიდველად არ მიიჩნევს და ამიტომაც იგი ყოველთვის იბრძოდა ქალებისათვის. ბერეზოვსკიმ ასევე აღიარა, რომ შეყვარებულობის დროს ქალებს ლექსებს უძღვნიდა და განაცხადა, რომ იგი "ასპროცენტიანი რომანტიკოსი" და "გენეტიკური ოპტიმისტია".
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ბერეზოვსკი აღიარებს, რომ მთავარი სიყვარული მის ცხოვრებაში - დედაა. ახლა მისი დედა 87 წლისაა და საფრანგეთში ცხოვრობს.
"იგი ხშირაც მეუბნება: "ბორია შეურიგდი ვოვას", - ამბობს ბერეზოვსკი და ამ ფრაზით, მაშინდელ პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან არსებულ უთანხმოებას იხსენებს, რომლის გამოც იგი იძულებული იყო დიდ ბრიტანეთში გადასახლებულიყო.
რაც შეეხება რწმენას, ბერეზოვსკი ინტერვიუში 48 წლის ასაკში მის მართლმადიდებლად მონათვლას შეეხო და განაცხადა, რომ ბევრს ფიქრობდა ქრისტიანობის მთავარ თემებზე - სიყვარულსა და თავისუფლებაზე. მისი თქმით, იგი მიხვდა, რომ სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც "ადამიანს ადამიანად აქცევს".
მისივე თქმით, სიყვარული თავისუფლებისგან განსხვავებით ირაციონალურია. ბიზნესმენის აზრით, რუსულ კულტურაში არ არის განსხვავება ნებელობასა და თავისუფლებას შორის. "სწორედ აქ არის მონური მენტალიტეტის საწყისი და მიზეზი იმისა, რომ რწმენა მონობად იქცევა", - აცხადებს ბერეზოვსკი და აღნიშნავს, რომ "ბანდიტები აშენებენ ტაძრებს და თავს იწონებენ ამით, იმიტომ, რომ არ არის მთავარი - სიყვარული".
"რუსეთში ბევრია შეცოდება და ცოტაა სიყვარული, ამის გარეშე კი შეუძლებელია გახდე თავისუფალი ადამიანი და შენს თავში მონა დაამარცხო", - აცხადებს ბორის ბერეზოვსკი.