სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მიღებულ წერილში, რომელსაც ხელს არავინ აწერს, ნათქვამია, რომ შენობა 15 აგვისტოსთვის უნდა დატოვონ.
დევნილები არასაკმარისად მიიჩნევენ შეთავაზებულ კომპენსაციას, 10 000 დოლარს და პირობას, რომ 3 თვის განმავლობაში ქირის საფასურს გადაუხდიან, შემდეგ კი, რუსთავში განასახლებენ. დევნილების განცხადებით, მათთვის რუსთავში განკუთვნილი საცხოვრებელი ჯერ გაურემონტებელია, თუმცა რეკონსტრუქციის შემდეგაც საერთო ტუალეტითა და აბაზანით სარგებლობა მოუწევთ.
დევნილები კანონიერ საცხოვრებლად მიიჩნევენ სასტუმრო "აფხაზეთს," რომელიც მათივე ცნობით, კერძო ინვესტორს გადაეცა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართეს, სასტუმროდან გამოსახლება გადაავადოს, მათთან მოლაპარაკება აწარმოოს და ინვესტორთან ურთიერთობისას დევნილთა უფლებები დაიცვას.