"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელთა აზრით, სამეგრელოს რაიონში გატარებული სასკოლო რეფორმა კრახს განიცდის. როგორც მოძრაობის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინა კვარაცხელია აცხადებს, წალენჯიხის რაიონის სოფლის სკოლები სავალალო მდგომარეობაშია.
"სოფელ ნაკიფუს საჯარო სკოლაში 300-მდე მოსწავლე სწავლობს. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია - არ არსებობს ელემენტარული სასწავლო პირობები, არ აქვთ სპორტული დარბაზი, სასადილო ოთახი, არც მერხები და სკამები. ბავშვები ათწლეულების შედეგად შემორჩენილი ინვენტარით სარგებლობენ. სამაგიეროდ, შენობა ევროსტანდარტების შესაბამისია. ფასადი გარემონტებულია, მაგრამ ინტერიერი ცხოველის სადგომს უფრო შეესაბამება", - აცხადებს კვარაცხელია.
მისი ინფორმაციით, სკოლების ოპტიმიზაციის პროგრამის შედეგად, სავარაუდოდ, ამ სკოლის მასწავლებელთა ნაწილი ახალი სასწავლო წლიდან უმუშევარი დარჩება.
"შენობისთვის 1980 წლიდან არავის მიუხედავს. არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და არც განათლების მინისტრი სკოლის შენარჩუნებისთვის არაფერს აკეთებენ. მოსახლეობამ განათლების სამინისტროს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მიმართა, მაგრამ ამაოდ. შაშკინისგან მხოლოდ დაპირებები ისმის. სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლისთვის ამ სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტი მკვეთრად შემცირდება, რადგან ბავშვებს სასკოლო ოთახებში ჯდომის ეშინიათ. შენობის ავარიულობამ, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. „თავისუფალი საქართველო" აუცილებლად გაუწევს რაიონში სასკოლო რეფორმის მიმდინარეობას მონიტორინგს, რადგან რაიონის სკოლის მოსწავლეების სიცოცხლე საფრთხეშია, არარაფერს ვამბობთ მათ სასკოლო ინვენტარზე", - აცხადებს იგი.