ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. „კრაისლერისა" და „ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად „ფოლკსვაგენში" მჯდომი 25 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, 16 წლის ბიჭი და ერთი მამაკაცი კი მძიმედ დაშავდნენ.
დაშავებულები ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „16 წლის ბიჭს თავის ქალა და ტვინი ჰქონდა დაზიანებული. გახეთქილი ჰქონდა ასევე ელენთა და აღენიშნებოდა პოლიტრავმები. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, გამოვიძახეთ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადა და თბილისში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი კი ლაგოდეხში, კერძო კლინიკაში გადის მკურნალობას", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა ია ლაცაბიძემ.
წინასწარი ინფორმაციით, „კრაისლერის" მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ლაგოდეხის პოლიცია აწარმოებს.