დღეს, 9 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო „აფხაზეთში" გაიმართება დევნილთა პრესკონფერენცია სასტუმროდან დევნილების უკანონოდ გასახლების საკითხთან დაკავშირებით.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო „აფხაზეთიდან" ცხინვალიდან დევნილთა 300-ზე მეტი ოჯახის უკანონო გამოსახლება 15 აგვისტოს იგეგმება. შეტყობინება 10 დღეში სასტუმროს დაცლის თაობაზე, სადაც უკვე 21 წელია დევნილთა აღნიშნული ოჯახები ცხოვრობენ, 5 აგვისტოს არის მიღებული.
"ვაცხადებთ, რომ კოლექტიური ცენტრიდან, რადაც არის მიჩნეული სასტუმრო „აფხაზეთი", დევნილთა არანებაყოფლობითი გამოსახლება არის სრულიად უკანონო. ამავე დროს, ცინიკურია კომპენსაციის სახით 10 000 აშშ დოლარის შეთავაზება ოჯახებისთვის, რომლის ქვეშაც სამინისტროს მიერ შედგენილი სიებით 10 და მეტი ადამიანია გაერთიანებული. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წლის წინ შეჩერდა ოჯახების დაყოფის პროცესი, დღეს სახეზეა იურიდიულად რეგისტრირებული 10-12 და მეტწევრიანი ოჯახები. დღემდე ყველა სხვა კოლექტიური ცენტრიდან დევნილების გასახლებისას კომპენსაციები გაიცა დაკავებული ფართების და არა ოჯახების მიხედვით", - აცახდებენ დევნილები.
მათი განცხადებით, ასევე, გაურკვეველია, რა იგულისხმება რუსთავში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაში, რადგან არ არის მითითებული, კონკრეტულად სად და რა ფართზეა საუბარი. გაუგებარია, რატომ არის საჭირო რამდენიმე თვით დევნილების ქირით გაყვანა სასტუმროდან, სადაც 21 წელია ვცხოვრობთ, მაშინ როდესაც შესაძლებელია გასახლების პროცესი ახალი საცხოვრებელი ფართის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაიწყოს.
"ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე. საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს, სასწრაფოდ დავცალოთ საცხოვრებელი ფართი. ღია ცის ქვეშ დარჩენა გარდაუვალი ხდება. გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს სასტუმროს გაყიდვის ფაქტს, რომლის დოკუმენტი ჩვენ გვაქვს", - აცხადებენ ისინი.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დევნილების აქცია გაიმართება საქართველოში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან, ყაზბეგის გამზ. #4. დევნილები აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციას სახელმწიფოსთან დიალოგისთვის შუამდგომლობას სთხოვენ.