საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომის სამი წლისთავზეც რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული.
"საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ებრძვის საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ამ ბრძოლაში რუსეთის ფედერაცია მრავალ მეთოდს იყენებს და არ ერიდება საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების უხეშ დარღვევას. რუსეთის ფედერაციამ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს განუყოფელ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩაატარა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღა, რის შედეგად საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილები. 2000-იან წლებში რუსეთი აქტიურად იყენებდა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ბერკეტებს საქართველოს წინააღმდეგ. მის მიერ შემოღებული ემბარგო ქართული პროდუქციის წინააღმდეგ დღესაც ძალაშია. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარა მის მიერვე შექმნილი საოკუპაციო რეჟიმები. დღეს რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ახალი მეთოდებით - 2010 წლიდან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაიგეგმა 12 ტერორისტული აქტი, რომელთა უმრავლესობა, საბედნიეროდ, ჩაშლილი იქნა საქართველოს სამართალმდაცავების მიერ", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, სამინისტროს შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ამ ქმედებებით რუსეთის ფედერაცია დემონსტრაციულად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, მის მიერ აღებულ მრავალმხრივ და ორმხრივ ვალდებულებებს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციას საქართველოს შესახებ და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვს-პუნქტიანი შეთანხმების ყველა დებულებას.
"ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ფედერაციამ "თავიდან მოიშორა" ნებისმიერი საერთაშორისო ყოფნა ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან, რითაც ეს რეგიონები პრაქტიკულად აქცია ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ხელსაყრელ ე.წ. "შავ ხვრელებად". შესაბამისად, დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა მოკლებულია საშუალებას მიიღოს ობიექტური ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.
გრიგოლ ვაშაძის უწყების აზრით, ომიდან სამი წლისთავზე რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მცდელობებს "იყიდოს" ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ე.წ. "დამოუკიდებლობა", ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამუდმებით მიმდინარეობს საოკუპაციო ჯარების ყველა სახეობის წვრთნები, ხორციელდება რუსეთის მაღალჩინოსანთა ვიზიტები, დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და იქ სამხედრო ბაზების მშენებლობა. შემაშფოთებელია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულია შეტევითი სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღება.
"რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ახალი „განზომილება" შეიძინა - საქართველოს დანარჩენ, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ორგანიზება და დაფინანსება რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ") და უშიშროების ფედერალური სამსახურის („ფსბ") თანამშრომლების მიერ, რასაც უკვე მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი.
ყოველივე ზემოთქმული აშკარად ცხადყოფს რუსეთის აგრესიულ გეგმებს საქართველოსთან მიმართებით და საფრთხე უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთლიანად კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებში. აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციას არ უკუუგდია საქართველოში ახალი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელების იდეა. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შედეგად საკუთარ სახლებში ვერ ახერხებენ დაბრუნებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი. რუსეთი აშკარად დისკრიმინაციულად უდგება ეთნიკურად ქართული წარმოშობის ადამიანებს. თვით რუსეთის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებსაც კი ეკრძალებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი უფლებების, მათ შორის ქონებრივი უფლებების დაცვა. ეთნიკური წმენდის პოლიტიკა დღესაც გრძელდება, ამჯერად ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და გეოგრაფიული დასახელებებისთვის სახელების შეცვლის, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების განადგურების ან რუსულ ყაიდაზე გადაკეთების ფორმით", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ამგვარი ქმედებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას არჩეული აქვს მშვიდობიანი და განვითარებაზე, დიალოგსა და ჩართულობაზე ორიენტირებული პოლიტიკა.
"საქართველო განუხრელად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებულ ყველა ვალდებულებას და იცავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმებს. საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას გააკეთა განცხადება საქართველოს მიერ ცალმხრივი ვალდებულების აღების შესახებ საოკუპაციო ძალების და რეჟიმების მიმართ ძალის არგამოყენების თაობაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. საქართველო არ იშურებს დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა მიაღწიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნის აღდგენას და იქ არსებული უსარფთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. საქართველო აგრძელებს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში და მზად არის ნებისმიერ დონეზე აწარმოოს უპირობო დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან არსებული პრობლემების მშვიდობიანად მოსაგვარებლად. ამ ქმედებების პარალელურად საქართველოს ხელისუფლება მოტივირებულია, რომ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მაცხოვრებლებს შეუქმნას სტაბილურ, მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოში ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და სტრატეგია ამ რეგიონების მიმართ, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისთვის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებისკენ და ამ რეგიონების დეიზოლაციისკენ.
განვლილმა სამმა წელიწადმა აჩვენა, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი და ქვეყნის განვითარების ერთადერთი სწორი გზა. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია კვლავ რჩება ქვეყნის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, რისი მიღწევაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ აღარ განმეორდეს 2008 წლის აგვისტოს მსგავსი აგრესია. 2008 წლის ომიდან სამი წლის თავზე საქართველო კვლავ მოწყვლად საერთაშორისო გარემოში იმყოფება. რუსეთის ფედერაციისგან კვლავ მომდინარეობს ფუნდამენტური საფრთხეები. მიუხედავად ამისა, საქართველო დარწმუნებულია, რომ მის მიერ არჩეული განვითარების სწორი სტრატეგია და მშვიდობაზე, დიალოგსა და ჩართულობაზე ორიენტირებული უსაფრთხოების პოლიტიკა შედეგს გამოიღებს და რუსეთისგან მომავალი საფრთხეები ვერ იქნება მატერიალიზებული. ამაში, ბუნებრივია, დიდი როლი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას და მთელი ცივილიზებული სამყაროს ურყევ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.