1-ლი სექტემბრიდან ქვეყანაში მინიმალური პენსია 100 ლარამდე გაიზრდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან საპენსიო ასაკის საფუძვლით და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დანიშნული პენსიის 20 ლარით გაზრდა იგეგმება. 2011 წლისთვის საპენსიო უზრუნვეყოფისათვის გამოყოფილია 987.5 მლნ ლარი;
სამინისტროში განმარტავენ, რომ 2010 წლის განმავლობაში განხორციელდა სახელმწიფო პენსიების ზოგიერთი კატეგორიის ზრდა, კერძოდ გაიზარდა ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსია 84 ლარიდან 129 ლარამდე, ხოლო ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსია 70 ლარიდან 80 ლარამდე. სახელმწიფო პენსიების, კომპენსაციების და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დასაფარად მიმართული იქნა 897.6 მლნ ლარი;
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბოლომდე პენსიის 100 ლარამდე გზრდის შესახებ ფგანცხადებები საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთეს.
"პენსიები ეტაპობრივად უნდა გავზარდოთ. გადავწყვიტეთ, პირველი სექტემბრიდან (ქვეყანას გაუჩნდება საშუალება, მათ შორის ხარჯების დაზოგვით და იმედია სხვა რამე ხელს არ შეუშლის) მინიმალური პენსია გახდეს 100 ლარი. ამას დაემატება სტაჟისა და დამსახურების მიხედვით კიდევ 7 ლარი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პენსიონერების 30 %-ის შემთხვევაში 30 ლარი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში, პენსიონერებთან შეხვედრაზე განაცხადა. რაც შეეხება 100 დოლარიან საპენსიო პაკეტს, ქვეყნის პირველი პირის თქმით, მას ეს საარჩევნო დაპირება არ დავიწყებია და ის, სავარაუდოდ, ძალაში მომავალი წლის პირველი ნახევრიდან შევა. "თუმცა, იმისთვის რომ გადავიდეთ 100-დოლარიან საპენსიო პაკეტზე, წლის განმავლობაში უნდა ჩავატაროთ დიდი საპენსიო რეფორმა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადასახადების გადამხდელებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა გადაჯგუფდეს", - დასძინა სააკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის განცხადებით კი, მთავრობა 100-დოლარიან პენსიასთან დაკავშირებით დაპირებას აუცილებლად შეასრულებს.
"ერთ-ერთი მთავარი თემა 100-დოლარიანი პენსია იყო. პრეზიდენტიც და ჩვენი გუნდიც დავფიქრდით ამ 100-დოლარიან პენსიაზე და ნამდვილად შევასრულებთ, ისევე, როგორც შევასრულეთ ყველა დაპირებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გავაჟღერეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, 2011 წლის განმავლობაში მთავრობა წარმოადგენს საპენსიო რეფორმას, სადაც გაწერილი იქნება 100-დოლარიანი პენსიის თემაც.
"ჩვენ წარმოგიდგენთ საპენსიო რეფორმას, სადაც ამ რეფორმისთვის გაწერილი იქნება სწორედ 100-დოლარიანი პენსიის თემაც. მე თვითონ გახლდით ფინანსთა მინისტრი, როცა პენსია იყო 38 ლარი არცთუ ისე შორეული წარსულიდან. ეს იყო 2007 წელი და 2011 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 100 ლარი. ეს არის 260 პროცენტით გაზრდილი საპენსიო განაკვეთი 4 წლის განმავლობაში და ეს არც ისე ცუდი ტენდენციაა", - განმარტა გილაურმა.