ხვალ, 8 აგვისტოს, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია და გორის მუნიციპალიტეტი რუსეთ-საქართველოს ომის სამ წლისთავთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებებს გეგმავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია გორის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღასრულებს. შემდეგ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრებიან.
ხვალვე გორის სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების სახელზე ჯვრის აღმართვაა დაგეგმილი ბრძოლის ადგილას. გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება წარმოდგენა ,,ცხელი აგვისტო", რომელიც გორელი მწერლის გ.სოსიაშვილის მოთხრობების მიხედვით დაიდგა. დღის ბოლოს კი ღონისძიებები გაგრძელდება გორის ცენტრალურ მოედანზე. მოეწყობა ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით ,,გვახსოვდეს აგვისტო", საქართველოს რუქის კონტურებზე აინთება სანთლები ერთიანობის სიმბოლოდ და ნაჩვენები იქნება ფილმი ,,აგვისტოს 5 დღე", რომელსაც ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ფილმის პროდიუსერები და მსახიობებიც დაესწრებიან.