"არ არის საჭირო ამტკიცო ის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ყოველივე ისედაც ცხადია, საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განვითარების სულ მცირე ხუთი სცენარი რუსულ პრესაში ომამდე, სულ მცირე, ნახევარი წლის განმავლობაში ქვეყნდებოდა", - განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის "ოკუპაციის დარბაზში" საკუთარი წიგნის "რუსეთი-საქართველო: ინფორმაციული ომი. 2008 წლის აგვისტო" პრეზენტაციაზე.
ავტორის თქმით, წიგნში სპეციალური თავი ეძღვნება იმას, თუ ხანდახან რა სასარგებლოა იკითხო რუსული პრესა.
"სულ ახლახანს, პრეზიდენტმა მედვედევმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო. არ არის საჭირო ამის მტკიცება. სულ მცირე, აგვისტოს ომამდე ნახევარი წლით ადრე, რუსულ პრესაში აქტიურად და ღიად განიხილებოდა ის, რაც შემდეგ უკვე საქართველო-რუსეთის ომი გახდა. რუსული პრესა აქტიურად განიხილავდა საბრძოლო მოქმედებების განვითარების, სულ მცირე ხუთ სცენარს. იქ გარკვევით იყო ნათქვამი, რომ ყოველივე ცხინვალის რეგიონში უნდა დაწყებულიყო და შემდეგ უკვე აფხაზეთში უნდა გაგრძელებულიყო", _ განაცხადა პანფილოვმა.
წიგნის ავტორის თქმით, წიგნში უდიდესი ნაწილი საინფორმაციო ომის წარმოების ტექნოლოგიებს ეძღვნება, რომელსაც ასე წარმატებით იყენებს რუსეთის ფედერაცია.
ავტორი ასევე აცხადებს, რომ მისი წიგნი, არის მხოლოდ პრეზენტაცია და შესავალი ნაწილი, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების კვლევის დიდი ნაწილისა, რომლის ჩატარებასაც ავტორი მომავალში აპირებს.
"რუსული პროპაგანდა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის ძალიან ძლიერია. ეს პროგანდა, გნებავთ საინფორმაციო ომი დეზინფორმაციას გულისხმობს. ამიტომაც ჩემი წიგნის პრეზენტაცია დღეს არის მომავალი დიდი კვლევის დასაწყისი, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და საინფორმაცო ომის ქრესტომათია შემიძლია ვუწოდო. ახლა კი ჩემი ამ წიგნით, პატივს მივაგებ აგვისტოს ომში დაღუპულ ადამიანებს და ამ წიგნს მათ ნათელ ხსოვნას ვუძღვნი", _ განაცხადა პანფილოვმა პრეზენტაციაზე.