დღეს, 7 აგვისტოს, 15.00 საათზე ეროვნულ მუზეუმში ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვის წიგნის "რუსეთი-საქართველო: ინფორმაციული ომი. 2008 წლის აგვისტო" პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, წიგნში შესულია 2008 წლის აგვისტოს სამხედრო მოქმედებების დროინდელი საინფორმაციო მასალების მხოლოდ ნაწილი - საინფორმაციო დაპირისპირების რამდენიმე წელი, რომელიც წინ უძღოდა ომს.
წიგნში თავმოყრილია, ის მასალაც, რომელიც ხუთდღიანი სამხედრო მოქმედებების შემადგენელი ნაწილი იყო.
"წიგნი მოიცავს როგორც ჟურნალისტების უფლებების დარღვევის, ასევე რუსეთის მიერ საინფორმაციო საშუალებების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისათვის გამოყენების ფაქტების მონიტორინგს. წიგნში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მონაცემებს, რომელიც მოპოვებულია რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგად. ასევე მოყვანილია პროპაგანდის მრავალი მაგალითი, რომელიც მიმართული იყო არა მარტო რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შეცვლაზე, არამედ დეზინფორმაციის გამოყენებაზე ომის რუსული ვერსიის განმტკიცების მიზანით", _ აცხადებენ ორგანიზატორები.