ვისოლ ჯგუფი პრაიმ ტაიმის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციას უერთდება. ერთი კვირის მანძილზე ვისოლ ჯგუფის შვილობილი კომპანიების - ვისოლ პეტროლიუმის, სმარტის, ავტოექსპრესის ყველა თანამშრომელი აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად ყაყაჩოს გულსაბნევით მოემსახურება მომხმარებელს და საზოგადოებას სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს გაახსენებს. „ტორპედო ქუთაისის" მოთამაშეები კი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის სეზონის გახსნაზე ზესტაფონის გუნდს მაისურებზე დაბნეული ყაყაჩოებით უმასპინძლებს.
„საზოგადოებაზე ზრუნვა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენ აგვისტოს ომის პირველსავე დღეებში შევქმენით „ვისოლის საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი" და ყოველდღიურად ვეხმარებოდით პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტებით სხვადასხვა თავშესაფარში განთავსებულ ლტოლვილებს და ომის შემდგომაც მრავალი პროექტი განვახორციელეთ მათ დასახმარებლად. აღნიშნული კვირეულით ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა პატივი მივაგოთ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს", - აცხადებენ ვისოლში.