საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პრესისა და მასმედიის წარმომადგენლების მიერ „ამნესთი ინთერნეშენელის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ განმარტავს, რომ განსახლების პროცესი მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის მიხედვით. პროცესი წარიმართა სამინისტროს, გაერო-ს და სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ ერთობლივად შემუშავებული პროცედურების მიხედვით.
"ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადება, რომელიც თვლის, რომ დაირღვა საერთაშორისო ვალდებულებები და დევნილთა მდგომარეობა გაუარესდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ ანტისანიტარიულ მდგომარეობაში და გაუსაძლის პირობებში, სახელმწიფო სთავაზობს სამოქმედო გეგმის სტანდარტების შესაბამისად დონორების მიერ გარემონტებულ ფართებს საკუთრებაში. პროცესის შესახებ მიმდინარეობდა ხანგრძლივი კონსულტაციები დევნილებთან, თუმცა მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ჩაერთო და სოციალურმა პროცესმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა. სამწუხაროა, რომ განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან, რომლებიც უშუალოდ ჩართული იყვნენ პროცესში, „ამნესთი ინთერნეშენელი"-ს წამომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა მასში, ამდენად არ ფლობს სრულფასოვან ინფორმაციას, რაც აისახა კიდეც მათ მიერ მომზადებულ ანგარიშში. ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას ჰქონდა საშუალება ჩართულიყო და დაკვირვებოდა ამ პროცესს, ვინაიდან პროცესი იყო ღია და საჯარო და უკავშირდებოდა დევნილების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რითაც სამწუხაროდ „ამნესთი ინთერნეშენელ"-მა არ ისარგებლა, ამდენად მით უფრო გასაკვირია, თუ რას ეყრდნობა ორგანიზაციის მიერ მოყვანილი, უმეტეს შემთხვევაში დამაჯერებელ არგუმენტებს მოკლებული ფაქტები. არ შეესაბამება სინამდვილეს ანგარიშში აღნიშნული ფაქტი, თითქოს სამინისტროსგან ვერ მიიღეს ინფორმაცია 2011 წლის მარტში, ვინაიდან კითხვებზე დეტალური პასუხები სამინისტრომ წერილობით გაუგზავნა ორგანიზაციას. სამინისტრო კვლავ იტოვებს ნებისმიერ ორგანიზაციასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.