კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული ქართველის ოჯახს ნორვეგიის მთავრობა ფინანსურად დაეხმარება.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძესა და საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ (რეზიდენციით ქ. ბაქო) ერლინგ შონსბერგთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს. შეხვედრაზე ნორვეგიულმა მხარემ გამოხატა ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა კუნძულ უტოიაზე დატრიალებული ტრაგედიის შედეგად საქართველოს მოქალაქის თამთა ლიპარტელიანის დაღუპვის გამო. ნორვეგიის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოკლედ გააცნო იმ დახმარებების შესახებ, რომელსაც ნორვეგიის მთავრობა აღმოუჩენს დაღუპულთა ოჯახებს.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ნორვეგიელ ხალხს და მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის. ასევე, მადლიერება გამოხატა იმ ოპერატიული თანამშრომლობისათვის, რომელიც ნორვეგიულმა მხარემ გამოიჩინა გარდაცვლილი თამთა ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტის შედეგად დაღუპულ თამთა ლიპარტელიანს ხვალ, 6 აგვისტოს, ქუთაისში დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიაზე მონაწილეობის მისაღებად ნორვეგიიდან საგანგებოდ ჩამოვა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი და ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო სამდივნოს უფროსი სინე ბრუდესეტი. დაკრძალვას ნორვეგიის მხრიდან ასევე დაესწრება საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩი და საელჩოს თანამშრომელი.