ხელისუფლებამ ქალაქში კიდევ ერთი სეგმენტი გააძვირა, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა, "ქრისტიან-დემოკრატმა" ჯაბა სამუშიამ მუნიცპალური ბაგა-ბაღების თვითდაფინასებაზე გადასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
"როდესაც ქალაქის საკრებულო, მერიის წარდგენით ქალაქის ბიუჯეტს განიხილავდა, იქ შავით თეთრზე ეწერა, რომ ბაგა-ბაღებში მიმდინარე რეფორმები არის ორიენტირებული, რათა მშობლების განწყობა იყოს დადებითი რეფორმის მიმართ, რაც ეწინააღმდეგება გუშინდელ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა სამუშიამ.
"ქრისტიან-დემოკრატები" ბაგა-ბაღების დაფინანსებასთან დაკავშირებით მერიას საკუთარ წინადადებას სთავაზობენ, რომლის მიხედვით, პირველი შვილის ბაღში აღზრდა, ვინაიდან ისინი, ძირითადად, ახალშექმნილი ოჯახებიდან არიან, იყოს უფასო; ყოველ მეორე ბავშვზე გადასახადი იყოს 50%, ხოლო მესამე ბავშვზე, ვინაიდან იშვიათია ოჯახებში სამი ბავშვი ერთდროულად დადიოდეს ბაღში, მშობლემა გადაიხადოს სრული 100%-ით.
აღნიშნულ წინადადებას "ქრისტიან-დემოკრატები" საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, "თითოეულ მუნიციპალურ ბაღს შესაძლებლობა ექნება, დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხარისხის შესაბამისი, ინდივიდუალური გადასახადი დააწესოს, მაგრამ ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რაც რეალურად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ერთი ბავშვის შენახვას სჭირდება.
თუ რა თანხას მოიცავს ერთი ბავშვის შენახვისთვის საჭირო ხარჯები, მერიის ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის. არაოფიციალური ინფორმაციით კი, თანხა შესაძლოა, 880 ლარის ფარგლებში იყოს. ახალი სისტემით, მშობელი საბავშვო ბაღის ასაკის მეორე შვილის სწავლებაში, პირველი შვილის სწავლის ღირებულების 50%-ს გადაიხდის, ხოლო მესამე ბავშვის სწავლება უფასო იქნება