უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში. 25 წლის ოთარ გოჩიაშვილი ალაზნის სარწყავ არხში საბანაოდ ნასვამ მდგომარეობაში ჩავიდა, რა დროსაც ავად გახდა და წყალში ჩაიძირა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვაჩნაძიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ილია ჩიკვილაძემ განუცხადა, ცხედარი 8-საათიანი ძებნის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 4 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.
„შემთხვევა გუშინ, საღამოს 20:00 საათზე მოხდა. გარდაცვლილის ცხედარს თავდაპირველად მისი მეგობრები ეძებდნენ, თუმცა შემდეგ ძებნაში სამაშველო სამსახური და გურჯაანის რაიონული პოლიცია ჩაერთო. ოთარ გოჩიაშვილის ცხედარი ღამის 3 საათზე იპოვეს". - აღნიშნა ილია ჩიკვილაძემ.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას გურჯაანის პოლიცია აწარმოებს.