ყვარლის რაიონის სოფელ გრემში XVI - XVII საუკუნეების ეკლესია ინგრევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ეკლესიის კედლები დაბზარულია და შუაზეა გახსნილი, სახურავი კი ჩამოქცეულია.
„გრემის ამაღლების ეკლესია სოფლიდან 3 კილომეტრში დგას. სალოცავთან მისასვლელი სამანქანო გზა წლებია რაც დაზიანებულია, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები ამაღლების დღესასწაულზე ეკლესიაში ფეხით მაინც მიდიან. ეკლესიაში წვიმის წყალი ჩადის. უკვე მრავალი წელია, რაც სალოცავი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და სერიოზულ რესტავრაციას საჭიროებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში იციან, რომ ეკლესია ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ჯერ არაფერს აკეთებენ. წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ეკლესიამდე მისასვლელი გზის ნაწილის მოხრეშვა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ გრემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვიტალი პატიაშვილმა.