სახალხო დამცველი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს რეკომენდაციით მიმართავს.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ტუღუში ნიკა მელიას ურჩევს, მსჯავრდებული გიორგი წიკლაური სრულად უზრუნველყოს 2010 წლის 30 ნოემბრის და 2010 წლის 20 დეკემბრის წერილებით მოთხოვნილი პერსონალური ინფორმაციითა და იურიდიული კონსულტაციით.
"2011 წლის 5 მაისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #17 დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი წიკლაურმა ინფორმაციის სრულყოფილად მიუღებლობასთან დაკავშირებით.
საქმეზე არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გიორგი წიკლაურს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან უნდა მიწოდებოდა 2010 წლის 30 ნოემბრის საჩივრითა და 2010 წლის 20 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ და უნდა გაწეოდა შესაბამისი იურიდიული კონსულტაცია. ამდენად, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 39-ე მუხლით დაცული უფლებები. ამასთან, დარღვეულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებული იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფის ვალდებულება", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.