გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მე-6 საუკუნის კორდომიანის ეკლესია დაინგრა. ეკლესიის სახურავი ჩამოქცეულია, კედლები კი შუაზეა გადახსნილი.
„კორდომიანის ეკლესია სოფლიდან 2 კილომეტრში, გორაზე დგას. სალოცავთან მისასვლელი სამანქანო გზა წლებია დაზიანებულია, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები ეკლესიაში ფეხით მაინც მიდიან", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კალაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნიკოლოზ დოხნაძემ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სამსახურში განაცხადეს, რომ ეკლესიის სავალალო მდგომარეობის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული იყო, თუმცა 2011 წელს, გურჯაანის რაიონში სააგენტოს დაფინანსებით ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ეკლესიის და ნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.